11-13 ნოემბერს ჩატარდა სემინარი „ვენური გრეხილი სკამების დიზაინი“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლამ დაინტერესებული პირები ავსტრიელი დიზაინერის, ჯეიმს სკონის 3 დღიან სემინარზე მიიწვია. პროექტის ავტორია ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის დოცენტი თათია სხირტლაძე.
სემინარზე დასწრების მსურველებმა ადგილზე მიიტანეს ძველი სკამი და ინსტრუმენტები: ხერხი, ბურღი, სტეპლერი (ხის), ფიცრები. საჭირო მასალის შეძენა შესაძლებელი იყო სემინარის დროსაც, იმისდა მიხედვით, თუ როგორი სკამის გაკეთებას გადაწყვეტდნენ მონაწილეები. სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეების მიერ გაკეთებული სკამები გამოიფინა უნივერსიტეტის ეზოში.
სკონმა, სემინარის პირველ დღეს ისაუბრა სამრეწველო დიზაინის ფუნქციების შესახებ, სერიულად წარმოებული პროდუქციის საზოგადოებრივ და კულტურულ მნიშვნელობაზე, იმაზე, თუ რა სტრატეგიას მოითხოვს მათი შექმნის პროცესი იდეის მონახაზიდან პროდუქტის განვითარებამდე. მეორე დღე დაეთმო მეტაფორების მოძიებას იდეაზე მუშაობისას, მასალის, ფორმისა და დამუშავების სემანტიკურ მნიშვნელობას. მოხდა საზოგადოებრივი ადგილების „მარკირება“ ინტერკულტურული (ვენა-თბილისი) ნიშნის გათვალისწინებით. მესამე დღეს კი შეიქმნება მოდელი და მოხდა მისი ინტერვენცია საზოგადოებრივ სივრცეში.
ვენური სკამი, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ძმები ტონეტების დრეკადი ხის ფაბრიკა უშვებდა, მსოფლიო დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტია. იგი ვენის კაფეების ტრადიციული ატრიბუტი იყო და დღემდე ძალიან პოპულარული ავეჯია. ვენური სკამი და ტონეტების ავეჯი ავსტრიული კულტურისა და გამოყენებითი ხელოვნების სიმბოლოა.
მიხაელ ტონეტი ინდუსტრიული შრომის გადანაწილების შედეგად ეკონომიურად წარმოებული პროდუქტების ერთ-ერთი მოთავე იყო. ამ მომგებიანი მეთოდით შექმნილი სამრეწვლო პროდუქტი მომხმარებელთა ფართო მასისთვის გახდა ხელმისაწვდომი. აღნიშნული ეკონომიკური აზროვნებისა და ქმედების ხარისხს ნათლად ასახავს ტონეტის Nr.14 სკამის ე. წ. კლასიკური „კაფეს სკამის“ მაგალითი. იგი 1859 წელს შეიქმნა და დღემდე მრავალმილიონიანი ტირაჟით იწარმოება.
„ჩვენ განვიხილავთ საგნების არა მარტო პრაქტიკულ, ტექნიკურ და ეკონომიკუ ფუნქციებს, არამედ ასევე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების მნიშვნელობას იმ მიდგომით, თუ რას „გვიყვებიან“ ისინი თავად. ეს ეხება ვენისა და თბილისის კავშირსაც თონეტის სკამის მოდელის მაგალითზე. სამრეწველო დიზაინის პროდუქტი ამ შემთხვევაში იტერკულტურული გაგების მაგალითად, სიმბოლოდ გვევლინება“, _ აცხადებს სამრეწველო დიზაინერი ჯეიმს გილბერტ სკონი.
მისი განცხადებით, ამ სემინარზე მეთოდური ფოკუსი გამოცდილების პედაგოგიკაზე გაკეთდა. ზოგადი შესავლის შემდეგ, მონაწილეებს თემაზე სხვადასხვა დავალება მიეცათ, რომლებიც ჯგუფურად და ინდივიდუალურად შეასრულეს.
„შემდეგ, მონაწილეების მიერ მიღებული გამოცდილების გასაღრმავებლად, განვიხილავთ დავალების შესრულების პროცესში წამოჭრილ კითხვებსა და სირთულეებს. უმთავრესი მიზანია, სემინარის მონაწილეებს სწავლისას დამოუკიდებლობისა და საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარდეთ. მასწავლებელი ამ დროს სტუდენტების თანასწორია და ამ პროცესში გზამკვლევის ანუ გამოცდილი „გამყოლის“ როლს ასრულებს და არა იმისას, ვინც „დიდ ცოდნას ფლობს“, _ განაცხადა ჯეიმს სკონმა და დასძინა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მარტო დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, არამედ სხვადასხვა საგნის პედაგოგებსაც.