Quantcast
Channel: _
Viewing all articles
Browse latest Browse all 425

2016.06MULTIVERSE ARCHITECTURE –ფაბრიკა - მულტიფუნქციური...

$
0
0












2016.06

MULTIVERSE ARCHITECTURE –

ფაბრიკა - მულტიფუნქციური სივრცე თბილისში


//////// ნინა ახლოური
ფოტო / (via Fabrika, el lugar perfecto desde el que descubrir Tbilisi | MiaMint)

ინტერვიუ არქიტექტურულ კომპანია MUA-თან
დევი ქიტუაშვილი, გოგი საყვარელიძე


dt_ როგორია პროექტის კონცეფცია? საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა და როგორ ვითარდება ის?

დევი ქიტუაშვილი: ყოველთვის არსებობდა იდეა, რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი. ეს იდეა არ გაჩენილა შენობასთან ერთად. ეს უკანასკნელი გოგიკომ ნახა, შემდეგ ყველას მოგვეწონა და  ასე გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა აღნიშნული პროექტი. გვინდოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ბევრ არტისტს ექნებოდა სახელოსნოები, შეძლებდნენ შეხვედრას, იდეების გაცვლას და ა.შ. პარალელურად იყო ჰოსტელის იდეაც, სადაც თავს მოიყრიდნენ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები და ერთმანეთს გაუზიარებდნენ გამოცდილებას, იდეებს. თავიდან ორივე პროექტი ერთად არ გვქონდა წარმოდგენილი, მაგრამ ამ შენობაში ისე მოხდა, რომ ყველაფერი წრესავით შეიკრა კარგი ატმოსფეროს შესაქმნელად. კაფეტერიებიც ძალიან უხდება სტუდიოების გარემოს. ამასთან, კაფეები და ჰოსტელიც, სადაც ოთხასი  ადგილია, ამ გარემოს ეკონომიკურადაც აძლიერებს.  ამიტომ, ინვესტორებისთვისაც რისკის საშიშროება აღარ რჩება. კაფეების სიმრავლემ ვიზიტორების მოზიდვის თვალსაზრისით ლოკაცია გაამყარა.

გოგი საყვარელიძე: თან გარემოც მნიშვნელოვანია, რადგან ძველია და არა ახალი აშენებული. ევროპაშიც მიღებული პრაქტიკაა ძველ, მიტოვებულ შენობებში ასეთი სივრცეების შექმნა, კაფეებით, საინტერესო მაღაზიებით (არა ბრენდული, არამედ რიგითი ადამიანების შექმნილი), სადაც ხელნაკეთი პროდუქტი იყიდება და არა „რითეილი“. აქ იქნება სტენსილის სტუდიოები. ისეთებიც, სადაც მასტერკლასები და ვორქშოპები გაიმართება. იქნება მუსიკალური მაღაზია, სკოლა, სადაც ხმის ინჟინერიას, დიზაინს და მსგავს რაღაცებს ასწავლიან. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ვარჩევთ  სივრცის დამქირავებლებს, რომლებიც ამ კონცეფციას მოერგებიან და შეავსებენ ერთმანეთს.

dt_ როგორ ფიქრობთ, ლოკაცია არქიტექტურული თვალსაზრისით თუ არის განსაკუთრებული და პროფესიული თვალსაზრისით თქვენთვის რაიმე გამოწვევები თუ შექმნა?

დევი: ეს ერთადერთი ადგილია ქალაქში, რომელიც შენარჩუნებულია, ამასთან განაშენიანებაც დაბალია, რადგან ალბათ ფიქრობდნენ, რომ აქ დეველოპმენტი მომგებიანი არ იქნებოდა. ჯერ კორპუსებიც არ არის აშენებული. მოკლედ, ძირითადად ხელუხლებელია.

გოგი: ვფიქრობ, იმან, რომ ეს უბანი არ იყო პოპულარული, გამოიწვია მისი კონსერვაცია. გვინდა, ასეთი ახალი ადგილებიც ვიპოვოთ.

dt_ როგორ აპირებთ ამ ადგილის ავთენტურობის შენარჩუნებას?

დევი: ავთენტურობის შენარჩუნება ბუნებრივად მოხდება, რადგან არაფერს არ ვცვლით. ფასადიც კი არ შეიღებება. მხოლოდ ფანჯრები შეიცვალა (რადგან უბრალოდ აღარ არსებობდა) და ჩანაცვლდა იდენტური, ძალიან მსგავსი ნიმუშებით. ცუდად შეღებილი ყვითელი ფასადი იყო ერთ მხარეს, რომელსაც სკოლა ქირაობდა  და იმასაც ვტოვებთ, ანუ ზუსტად ისე რჩება ყველაფერი, როგორიც იყო.

dt_ ამჟამად განვითარების რა ეტაპზეა პროექტი?

დევი:  ჰოსტელი სექტემბერში გაიხსნება, ხოლო მანამდე კაფე დაიწყებს ფუნქციონირებას.

dt_  როგორ შეიქმნა თქვენი სახელოსნო?

გოგი: საკმაოდ დიდი ხანი სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდით. 2010 წელს გადავწყვიტეთ ჩვენი კომპანია შეგვექმნა. პირველი პროექტი იყო პროკურატურა, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე იუსტიციის სახლი.

დევი: გვიყვარს საინტერესო პროექტებზე მუშაობა და ფაბრიკაში საკუთარი თავი ვიპოვეთ. საკუთარ თავს ვხედავთ, როგორც მსგავსი სივრცის მაძიებლებს და გვინდა ასეთი მიმართულება ავიღოთ.

dt_ ფაბრიკის გარდა, კიდევ რა პროექტებით ხართ დაკავებული?

დევი: ამჟამად წყნეთში ვამთავრებთ საკუთარი სახლის პროექტს. ასევე, ბანკი რესპუბლიკისთვის ვაკეთებთ ბრანჩ ბუქს და დიზაინ გაიდლაინებს.

dt_  იმ მრავალრიცხოვანი პროექტებიდან, რომლებიც უკვე განახორციელეთ, რომელი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო? ყველაზე წარმატებულად რომელი მიგაჩნიათ?

გოგი: პირველი დიდი და მასშტაბური პროკურატურის პროექტი იყო, რომელშიც ყველაზე დიდი გამოწვევა დავინახეთ. სხვადასხვა კომპანიებში ვმუშაობდით, მაგრამ იმხელა გამოცდილება არ გვქონდა, რომ ჩვენ თვითონ ასეთი პასუხისმგებლობა აგვეღო საკუთარ თავზე და ვთვლით, რომ ძალიან გაგვიმართლა, იმ თვალსაზრისით, რომ  ჩვენნაირ ახალბედა არქიტექტორებს ასეთი დიდი ზომის პროექტი დაგვიკვეთეს. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში დამწყებ არქიტექტორებს ასეთ შანსს იშვიათად აძლევენ.

დევი: მე მგონია, რომ ყველა ძალიან საინტერესო იყო. ჰილტონის პროექტიც, სადაც გავაკეთეთ მუშა დოკუმენტაცია არსებულ კონცეფციაზე, ძალიან კარგი გამოვიდა.  ჩვენი თავიც გამოვცადეთ, რადგან უზარმაზარი შენობა იყო, მაღალი სტანდარტები… ასევე, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მოვიგეთ უფლება, რომ გავაკეთებთ ინსტალაციას, თუმცა კონცეფციაზე და დეტალებზე საუბარი ჯერ ადრეა.

dt_ კონცეპტუალური თვალსაზრისით როგორ ხედავთ არქიტექტურის მომავალს?

დევი: ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია ამ თემაზე. იდეა დაახლოებით ასეთია: ფოტოს იღებ ადგილზე, რასაც ხედავ, დატაფეისში არის ყველაფერი, ტოპოგრაფია, ყველა ადგილი… როგორც კი რაღაც იცვლება, სატელიტი აწვდის ინფორმაციას და მომენტალურად, კატეგორიებიდან არჩევ, როგორი მოდელი მოგწონს, შემდეგ აჭერ “Order Now” ღილაკს, იწყება პრეფაბრიკაცია, რომელსაც რობოტები აკეთებენ იდეალური მასალით და  ღირებულებას და ვადებს მაშინვე გიწერს. მე ასე ვხედავ…


Viewing all articles
Browse latest Browse all 425

Trending Articles