
კონკურსი პროდუქტის დიზაინზე - ღვინის საპრეზენტაციო ავეჯის კოლექცია
ქართული ავეჯის კლასტერი “ხელოსანთა ქალაქი” აცხადებს კონკურს პროდუქტის დიზაინის იდეაზე. თემა: “ღვინის საპრეზენტაციო ავეჯის კოლექცია.”
აღნიშნული ინიციატივის მხარდამჭერია პროექტი - “მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში”, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
“ხელოსანთა ქალაქი” ავეჯის ინდუსტრიაში მომუშავე 170 კომპანიის გეოგრაფიულ აგლომერაციას წარმოადგენს, რომელიც თბილისის კონიაკის დასახლებაში მდებარეობს. პროექტი “მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში” ხელს უწყობს ავეჯის ინდუსტრიაში კლასტერულ განვითარებას “ხელოსანთა ქალაქთან” პარტნიორობის მეშვეობით.
ინიციატივის მიზანი
აღნიშნული ინიციატივის მიზანია გამოავლინოს ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალი და დააკავშიროს ის წარმოების პროცესთან, საუკეთესო შემთხვევაში, “ხელოსანთა ქალაქთან”, თუმცა ეს აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს.
პროექტი “მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში”, “ხელოსანთა ქალაქთან” ერთად, გამარჯვებული დიზაინის პროტოტიპების შექმნის საქმეში მხარდაჭერას გაუწევს ავეჯის იმ დაინტერესებულ მწარმოებლებს, რომლებიც თანამშრომლობის საუკეთესო პირობებს შესთავაზებენ დიზაინერებს, მათ შორის - წარმოების კონკურენტული ღირებულების, მიწოდების პირობებისა და წარმოების სიმძლავრეების გათვალისწინებით.
გამარჯვებული დიზაინის ავტორები ისარგებლებენ პროექტის მხარდაჭერით, რაც პირველ ეტაპზე გულისხმობს მათი და მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების პოპულარიზაციას.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო კრიტერიუმები
18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე;
პროფესიონალი ან მომავალი ავეჯის დიზაინერი;
დიზაინერთა ფორმალური ან არაფორმალური ჯგუფი, რომელიც კონკურსში მონაწილეობის მიზნით გამოყოფს ერთერთ წევრს როგორც კოორდინატორს.
დავალება
კონკურსში მონაწილე დიზაინერებმა უნდა შეიმუშავონ ღვინის საპრეზენტაციო ავეჯის კომპლექტი.
კომპლექტი უნდა შეიცავდეს ნებისმიერი სახის ავეჯის ნაწარმს, რაც შეეფერება ღვინის პრეზენტაციას. ქვემოთ ჩამოთვლილია ნიმუშები, თუმცა მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ განსხვავებული ტიპის ავეჯი. მთავარი პირობა არის რომ კომპლექტი განკუთვნილი იყოს ღვინის პრეზენტაციისთვის.
ნაწარმის ნიმუშებია:
ღვინის მაცივარი;
ღვინის ურიკა;
სკამები და მაგიდა ღვინის დეგუსტაციისთვის;
ღვინის თაროები და საკიდები;
ღვინის აქსესუარები - მნათობი, ყუთი, ბოთლის გასასხნელი, ყინულის ჩასაყრელი ჭურჭელი, გადასანერწყვებელი, და ა.შ.;
ღვინის პრეზენტაციასთან დაკავშირებული სხვა ნაწარმი.
ავტორებმა უნდა დაასახელონ შემოთავაზებული ავეჯის კომპლექტის/კოლექციის დანიშნულება და პოტენციური სამომხმარებლო სეგმენტი. ავტორებმა უნდა მოახდინონ კომპლექტის ყველა მახასიათებლის გაცხადებულ მიზანთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. კოლექციის დანიშნულება შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ უნდა იზღუდებოდეს შემდეგი მიმართულებებით:
ღვინის ბარის კოლექცია HORECA-სთვის (სასტუმრო, რესტორანი, კაფე)
ღვინის სარდაფის კოლექცია
ქვევრის მარნის კოლექცია
ღვინის დეგუსტაციის დახლი ღვინის გამოფენებსა და ბაზრობებზე გასატანად (შესაძლოა იყოს მობილური და/ან დაშლადი)
გარე კიოსკი ღვინის დეგუსტაციისთვის (შესაძლოა იყოს მობილური და/ან დაშლადი)
ღვინის პრეზენტაციასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი დანიშნულება
მონაწილეობის წესები და პირობები
კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
არ არსებობს შეზღუდვა თითოეული მონაწილის მიერ წარმოდგენილი დიზაინ პროექტის რაოდენობაზე. ხელზე დატოვებული ესკიზები დაუბრუნდებათ ავტორებს მათი შეფასების შემდგომ.
ყველა დიზაინ პროექტს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური კონფიდენციალურობის სრული დაცვით. მხოლოდ გამარჯვებული დიზაინი გასაჯაროვდება.
მონაწილეებმა პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულად ან ამობეჭდილი სახით. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მონაწილე პირის სახელი და გვარი;
მონაწილე პირის საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტა), ჯგუფის შემთხვევაში - საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია;
ავეჯის დიზაინის შესრულებული პროექტების მოკლე მიმოხილვა (ასეთების არსებობის შემთხვევაში) და ელექტრონული ბმული ვებგვერდზე და/ან პორტფოლიოს გვერდზე.
დიზაინ პროექტის აღწერა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ღვინის საპრეზენტაციო ავეჯის კომპლექტის დანიშნულება (იხ. განცხადების დავალების ნაწილი);
კომპლექტში შემავალი ნაწარმის ჩამონათვალი, სპეციფიკაციების მითითებით - ზომები, ფუნქციები, დანიშნულება, გამოსაყენებელი მასალა და ავტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა სახის ინფორმაცია;
ღვინის საპრეზენტაციო ავეჯის კომპლექტის ესკიზი (ხელით ან გრაფიკული კომპიუტერული პროგრამით შესრულებული). ესკიზი უნდა წარმოაჩენდეს კონცეფციას და გადმოსცემდეს საკმარის ვიზუალურ ინფორმაციას, რათა პროფესიონალურმა ჟიურიმ შეძლოს მისი შეფასება.
ინფორმაცია სამიზნე სამომხმარებლო სეგმენტის შესახებ (ღვინის მწარმოებლები, სასტუმროები, მაღალიშემოსავლიანი ოჯახები, და ა.შ.)
ბოლო ვადა: დიზაინ პროექტების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 18 აპრილი, არაუგვიანეს 18:00 საათისა
ელ. ფოსტის მეშვეობით: nikoloz.perkin@giz.de ან ფოსტით/ხელზე: GIZ გრიბოედოვის 31ა, მე-5 სართული, თბილისი 0108.
გთხოვთ, ელ. გზავნილის საგანში ან კონვერტზე მიუთითოთ:
Application by ……. [აპლიკანტის სახელი] for Project Idea Design Competition
შეკითხვები საკონკურსო პროცესის შესახებ მოგვწერეთ ელ.მისამართზე: nikoloz.perkin@giz.de 2017 წლის 7 აპრილამდე. ორგანიზატორები შემოსულ შეკითხვებს ერთად უპასუხებენ 2017 წლის 10 მარტამდე, შეკითხვების ავტორების ვინაობის გამხელის გარეშე.
დიზაინ პროექტის შეფასება
იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქცია განკუთვნილია მასიური წარმოებისთვის, ჩვენი მიზანია მივიღოთ ისეთი დიზაინერული გადაწყვეტა, რაც ეხმიანება შიდა და საერთაშორისო ბაზარს, გამოირჩევა მიზმიდველი გარეგნული იერით და წარმოებისა და ტრანსპორტირებისთვის ოპტიმალური ფორმით.
წარმოდგენილ პროექტებს შეაფასებს ავეჯის ინდუსტრიის ექსპერტების, გამოცდილი დიზაინერების, ქართული ღვინის სექტორის პროფესიონალებისა და სხვა შესაბამისი სპეციალისტებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური.
ჟიურის შეფასება დაემყარება შემდეგ კრიტერიუმებს:
ესთეტიკური მხარე;
ბაზარზე ორიენტირებული პროდუქტი;
ქართულ წარმოებაში დანერგვის შესაძლებლობა (მოიცავს მასალების ხელმისაწვდომობას, ტექნიკურ ასპექტებს);
დანიშნულების შესაბამისი პრაქტიკულობა;
წარმოების ღირებულების შესაბამისობა სამომხმარებლო სეგმენტთან (დანიშნულების გათვალისწინებით);
ინოვაცია;
ეკოლოგია (მწვანე კონცეფცია, ნარჩენების მართვის (3R) კონცეფცია)
პროექტების შეფასება მოხდება 2017 წლის აპრილის ბოლომდე. შერჩეული კანდიდატები მოწვეულ იქნებიან გასაუბრებაზე და დიზაინის კონცეფციის ინდივიდუალურ პრეზენტაციაზე.